საქართველო უდიდესი და უძველესი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანაა. საუკუნეთა განმავლობაში ის მუდმივად დიდი იმპერიების ბრძოლის ასპარეზი იყო სტრატეგიული მდებარეობის გამო. თუმცა მან მაინც მოახერხა გადარჩენა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ადამიანი აქ 1 800 000 წლის წინ დასახლდა და პირველი ევროპელი სწორედ Homo georgicus-ქართველი ადამიანი იყო. დაწყებული გამოქვაბულში მცხოვრები ჰომო გეორგიკუსით აქ უწყვეტად მიმდინარეობდა ევოლუციისა და კულტურული განვითარების პროცესები. ძვ.წ. II ათასწლეულში კი პირველი ქართული სახელმწიფოები დიაოხი და კოლხა წარმოიქმნა. ისინი ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა მომთაბარე ტომებმა დაამხეს. ძვ.წ VI-IV საუკუნეებში კი კოლხეთისა და იბერიის სამეფოები ჩამოყალიბდა. კოლხეთის ძლევამოსილება ძველ ბერძნულ მითშიც აისახა, აქ იმოგზაურეს არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. იბერიის მეფეს ფარნავაზს უკავშირდება ქართული დამწერლობის შექმნა. საქართველოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა IV საუკუნე. 326 წელს ქვეყანაში წმ. ნინო კაბადოკიელმა ახალი რელიგია - ქრისტიანობა შემოიტანა...